რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ტექნოპარკი მოეწყობა
რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი აცხადებს, რომ მარიუპოლში მდებარე მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ტექნოპარკი მოეწყობა. ამის შესახებ ხუსნულინმა რუსულ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, საწარმოზე სამუშაო ადგილები შენარჩუნდება. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 350 ათასამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, აზოვის ზღვისპირას მდებარე ქალაქ მარიუპოლში, რომელიც რუსეთის ძალებს აქვთ ოკუპირებული, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად შენობების 90% დანგრეულია. ქალაქში დარჩენილია 150 ათასამდე ადამიანი. ამ დრომდე ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ადგილობრივების ნაწილი კვლავ სარდაფებში ცხოვრობს და საკვებს გარეთ დანთებულ ცეცხლზე ამზადებს.
მარიუპოლის დამცველებმა რამდენიმეთვიანი ბლოკადის შემდეგ „აზოვსტალის“ ქარხანა მაისის შუა რიცხვებში დატოვეს. მათი დიდი ნაწილი ამ დრომდე რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა დაკავებული.