რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის კვალი უკრაინის სპეცსამსახურებთან მიდის
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მოწყობილი ტერაქტის კვალი უკრაინის სპეცსამსახურებთან მიდის.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ-ტასი“ წერს, პატრუშევმა ასევე თქვა, რომ „კიევის რეჟიმს სრულად აკონტროლებს აშშ“.
„ცდილობენ, თავს მოგვახვიონ, რომ ტერაქტი არა კიევის რეჟიმის მიერ, არამედ რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის მხარდამჭერთა მიერ იყო მოწყობილი, შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის ფილიალის წევრების მიერ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ოპერატიულად დადგინდეს, ვინ არის ამ საზარელი დანაშაულის შემკვეთი და სპონსორი. მისი კვალი მიდის უკრაინულ სპეცსამსახურებთან. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ კიევის რეჟიმი დამოუკიდებელი არაა და სრულად კონტროლდება აშშ-ის მიერ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“ და სხვა ტერორისტული ორგნიზაციები ვაშინგტონის შექმნილია“, – განაცხადა პატრუშევმა.
მისივე მტკიცებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტში მონაწილე პირები და მათი თანამზრახველები რუსეთის სახელმწიფო საზღვრისკენ გადადგილების მცდელობისას დააპატიმრეს. პატრუშევის თქმით, უკრაინული მხარე გადასასვლელ ფანჯარას ამზადებდა.
ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში 22 მარტს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 143 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთში განაცხადეს, რომ დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი უშუალო შემსრულებელია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.