რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში ტერაქტი აღკვეთა
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში ტერაქტი აღკვეთა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 13-14 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შვიდი წევრი.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ექსტრემისტული დაჯგუფების თანამზრახველები სანქტ-პეტერბურგში 16 დეკემბერს თავდასხმების სერიას გეგმავდნენ, კერძოდ, თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას და მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნას.

უწყების განცხადებით, ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობის კომპონენტები, ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალები, ექსტრემისტული ლიტერატურა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მოსკოვში აღკვეთა ტერაქტები, რომელთა განხორციელებაც ახალი წლის პერიოდში და საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს იგეგმებოდა.