რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოსკოვში ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ამერიკული მხარისგან მიიღეს

00:49, 02.11.2026

მოსკოვში ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანია, რომლის შესახებაც ინფორმაცია ამერიკული მხარისგან მიიღეს.

დაკავებულს „ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული ჰქონდა ფოტოები, რომლებზეც ის ტაქტიკურ აღჭურვილობაში იყო გამოწყობილი და ხელში ავტომატური იარაღის მსგავსი ნივთი ეჭირა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთები მის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, მოზარდის საკომუნიკაციო მოწყობილობებში აღმოჩნდა ანგარიში, საიდანაც მუქარის შემცველი შეტყობინებები ვრცელდებოდა. ამასთან, მას „ტელეგრამში“ ნეონაცისტური არხი ჰქონდა გამოწერილი და ეძებდა ინფორმაციას წარსულში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების, მასობრივი მკვლელობებისა და ძალადობის სხვა შემთხვევების შესახებ.

ერთი დღით ადრე მოსკოვში აშშ-ის საელჩომ ცარიცინოს მუზეუმ-ნაკრძალში მასობრივი მსხვერპლის გამომწვევი ინციდენტის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. საელჩომ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აერიდებინათ აღნიშნული ადგილისა და ხალხმრავალი სივრცეებისთვის და გამოეჩინათ სიფრთხილე. ცარიცინოს სასახლე-მუზეუმისა და პარკის კომპლექსი დროებით დაიხურა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ამერიკულ მხარეს მიწოდებული ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი