უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ასევე თათრეთის ნავთობის სატუმბო სადგურზე იერიში მიიტანეს

13:26, 23.11.2026

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ასევე თათრეთის ნავთობის სატუმბო სადგურზე მიიტანეს იერიში. ნოვოშახტინსკში, ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და საწვავის გამანაწილებელი კომპანიის მახლობლად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას წელიწადში 7.5 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე აქვს და აწარმოებს დიზელის, საზღვაო და გათბობის ზეთს, მაზუთს და ბენზინის ფრაქციებს. კ​ომპანია სამხრეთ რუსეთში ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქარხანა უშუალოდ მონაწილეობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში, კერძოდ, საოკუპაციო არმიის დიზელის საწვავითა და საავიაციო ნავთით მომარაგებაში. დრონები ასევე თავს დაესხნენ თათრეთის რესპუბლიკაში, ალმეტიევსკის მახლობლად მდებარე „კალეიკინოს“ ნავთობსატუმბ სადგურს, რის შესახებაც ადგილობრივები იტყობინებიან. ობიექტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 300 კილომეტრში მდებარეობს. სადგური იღებს, ინახავს და ტუმბავს ნავთობს თათრეთის, დასავლეთ ციმბირის, უდმურტიისა და ბაშკორტოსტანის საბადოებიდან. ის „დრუჟბას“ ნავთობსადენის მთავარი კვანძია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნავთობის ნაკადის უწყვეტობის უზრუნველყოფაში როგორც რუსეთში ნავთობგადამუშავებისთვის, ასევე ექსპორტის მარშრუტებისთვის.

მსგავსი