რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი - რუსი ტურისტების ევროპიდან ტრანზიტული გზით გამოყვანა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან იგეგმება
რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი - რუსი ტურისტების ევროპიდან ტრანზიტული გზით გამოყვანა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან იგეგმება

ევროპაში მყოფი რუსი ტურისტების ქვეყანაში დაბრუნება მესამე ქვეყნების გავლით, ტრანზიტული ფრენებით იგეგმება, მათ შორის განიხილება არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე და თურქეთი.

სააგენტო currenttime.tv-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა დმიტრი გორინმა ისაუბრა.

„საჰაერო მიმოსვლის დახურვის გამო, ტუროპერატორები ახლა „როსტურიზმთან“ ერთად წყვეტენ 400 დამოუკიდებელი და ორგანიზებული ტურისტის ტრანსპორტირებას ბუდაპეშტიდან, 500 ორგანიზებული ტურისტის ტრანსპორტირებას ბულგარეთიდან და კიდევ 200-ის პორტუგალიური მადეირადან“, – აღნიშნა გორინმა.

მისი თქმით, მსოფლიოში არსებული „გაურკვევლობისა და არასტაბილური ვითარების გამო“, რუსი ტურისტები მოლოდინის რეჟიმში არიან.

„ტურისტები უამრავ შეკითხვას უსვამენ ტურისტულ კომპანიებს. გაყიდვები საგრძნობლად დაეცა. საერთაშორისო მოგზაურობაზე ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს გაცვლითი კურსის ცვალებადობა, რაც იწვევს რუბლის კუთხით ტურების ღირებულების ზრდას“, – დაამატა რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა.