რუსეთის თავდასხმის შედეგად დონეცკის ოლქში ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი დაიღუპა
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქში, სოფელ ვეროლიუბოვკის დაბომბვის შედეგად ორგანიზაციის სამი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა.
„წითელი ჯვრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა იმ ადგილას, სადაც დაგეგმილი იყო ჰუმანიტარული დახმარების განაწილება. ორგანიზაცია ამატებს, რომ თავდასხმის დროს ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა.
„წარმოუდგენელია, რომ ჭურვი მოხვდეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილს“, – განაცხადა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა, მირიანა სპოლიარიჩ-ეგერმა.
„წითელი ჯვარი “იუწყება, რომ მისი თანამშრომლები აპირებდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახლების გასათბობად ხისა და ნახშირის დარიგებას.
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლები მუდმივად იმყოფებიან დონეცკის რეგიონში და ჩვენი ავტომობილები მკაფიოდ არის აღნიშნული „წითელი ჯვრის“ ემბლემით“, – წერს ორგანიზაცია.