რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი - რუსეთის ძალებმა კურსკის ოლქში ათ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ათ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს.
„კვირის განმავლობაში „ჩრდილოეთის“ სამხედრო დაჯგუფების ერთეულები განაგრძობდნენ ოპერაციებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განადგურების მიზნით კურსკის ოლქში. შეტევითი მოქმედებების შედეგად 10 დასახლებული პუნქტი გადავიდა ჩვენი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა კონაშენკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს მტრის შეტევის მცდელობები უპილოტო საფრენი აპარატებისა და საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყეს. ზელენსკის თქმით, კურსკში მოვლენები „უკრაინული გეგმის“ მიხედვით ვითარდება.