რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დონეცკის ოლქის დასახლება ნიუ-იორკი დაიკავეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დაიკავეს დონეცკის ოლქის დასახლება ნიუ-იორკი.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „რუსეთის ქვედანაყოფებმა ინტენსიური მოქმედებების შედეგად გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მსხვილი დაჯგუფება“ და „დაიკავეს ტორეცკის აგლომერაციის ერთ-ერთი უმსხვილესი დასახლებული პუნქტი და სტრატეგიული კვანძი“.
ამასთან ერთად, რუსეთის სახელმწიფო მედია ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკის დასახლებაში უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას აგრძელებენ ძერჟინსკის სახელობის ქარხნის ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ ამ დასახლების რუსების მიერ დაკავება. უკრაინული მედია ამტკიცებს, რომ ბრძოლა ამ დასახლებაში ჯერ კიდევ გრძელდება.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები ამ დასახლების 20%-ს აკონტროლებენ, ხოლო რუსები წინსვლას მრავალრიცხოვანი სარეზერვო ძალების ხარჯზე ახერხებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ნიუ-იორკსა და ტორეცკში დისლოცირებულ უკრაინელი სამხედროებს, სარეზერვო ძალების სიმცირის გარდა, დაბალი მოტივაციის პრობლემაც აქვთ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე სიტუაცია რთულია.
დასახლება ნიუ-იორკი დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში, ქალაქ ტორეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ამ მიმართულებით შეტევა რუსეთმა 2024 წლის ზაფხულში წამოიწყო.