რუსეთის თავდაცვის უწყება აშშ-ს სირიის ქალაქ ჰაჯინის თეთრი ფოსფორის შეიარაღებით დაბომბვაში ადანაშაულებს
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ქალაქი ჰაჯინი თეთრი ფოსფორის შეიარაღებით დაბომბეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
აღნიშნული ქალაქი ერაყის საზღვრის სიახლოვეს, მდინარე ევფრატის ველზე, დეირ ეზ-ზორის პროვინციაში მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ფოსფორის ბომბების ჩაყრამ ადგილზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო ოპერაციაში F-15-ის ტიპის ორი ავიაგამანდგურებელი მონაწილეობდა.
დეირ ეზ-ზორის პროვინციაში ტერიტორიის ნაწილს ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს.
თეთრი ფოსფორის გამოყენება 1949 წლის ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმითაა აკრძალული.