რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს
უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.
„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობდა თავდასხმას მოსკოვში მდებარე ობიექტებზე, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმა მოიგერია და უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის კრასნოპრენსკაიას სანაპიროსთან ჩამოვარდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავი მოსკოვის თავზე, ექსპოცენტრის ზონაში დაეცა.
„დღეს, ღამით, მოსკოვზე თავდასხმის მცდელობისას, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დრონი. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ექსპოცენტრის ზონაში დაეცა, შენობას მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია. მსხვერპლი არ ყოფილა“, – წერს სობიანინი და აკონკრეტებს, რომ შემთხვევის ადგილზე ქალაქის საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ.