რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მათივე ცნობით, დრონებით იერიში რუსეთის შვიდ ოლქზე განხორციელდა.
თავდაცვის უწყების მტკიცებით, 15 დრონი ჩამოგდებულია ბრიანსკის ოლქის თავზე, ხუთი – კურსკის, ოთხი – სმოლენსკის, ორიც ორლოვის ოლქის თავზე. კიდევ თითო-თითო დრონი გაანადგურეს ბელგოროდის, კალუგისა და როსტოვის ოლქებში.
მანამდე ორი დრონის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ანტოხინმა გაავრცელა. მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამტვრევების ჩამოვარდნას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, რომ სმოლენსკის ოლქში დრონით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა.