ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდნამდე რუსეთის საზღვრისკენ მიემართებოდა, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ მოიერიშე თვითმფრინავები არ შესულან კონტაქტში ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავთან, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ს განცხადებას, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი აშშ-ის აპარატს დაეჯახა და დააზიანა.
„რუსეთის საჰაერო ძალების კონტროლის სისტემებმა დააფიქსირეს ამერიკული თვითმფრინავი, რომელიც დაფრინავდა შავ ზღვაზე ყირიმის ნახევარკუნძულთან რუსეთის სახელმწიფო საზღვრისკენ. უპილოტო თვითმფრინავი დაფრინავდა გამორთული ტრანსპორდერებით, არღვევდა დროებითი შეზღუდვების საზღვრებს საჰაერო სივრცეში, რომლებიც დაწესებულია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად. ეს შეზღუდვები გადაეცა საჰაერო სივრცის ყველა საერთაშორისო მომხმარებელს და გამოქვეყნდა ყველა ნორმის შესაბამისად. მორიგე საჰაერო თავდაცვის ძალების გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა შეძლეს დამრღვევის იდენტიფიცირება. მკვეთრი მანევრირების შედეგად, უპილოტო თვითმფრინავმა სიმაღლის დაკარგვით უკონტროლო ფრენა დაიწყო და წყლის ზედაპირს შეეჯახა. რუსულ ავიაგამანადგურებლებს არ გამოუყენებიათ საბორტო იარაღი, არ შესულან კონტაქტში უპილოტო საჰაერო ხომალდთან და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ბაზაზე“, – თქვა იგორ კონაშენკოვმა.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა. ამასთან, როგორც პენტაგონში განაცხადეს, რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ აშშ-ს შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება მოუწია. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმაც, რომლის შეფასებითაც, შავ ზღვაში ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი პროვოკაციაა, რაც რუსეთის დადანაშაულებას ისახავდა მიზნად.