რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2018 წელს სამშობლოს 100 000-ზე მეტი სირიელი დაუბრუნდა
2018 წელს სამშობლოს 100 000-ზე მეტი სირიელი დაუბრუნდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
მათივე ცნობით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთისა და სირიის მთავრობების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ლტოლვილების დასახვედრად 336 500-ზე მეტი ადგილი მომზადდა. ამასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით ქალაქში ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, სირიაში დაბრუნებული ლტოლვილებისთვის სამედიცინო მომსახურებასა და საკვების უზრუნველყოფაზეც ზრუნავენ.
ანგარიშის მიხედვით, სამშობლოში დაბრუნების სურვილი უკვე ორ მილიონამდე სირიელმა გამოთქვა. მათი დიდი ნაწილი ამჟამად ლიბანის ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს. ასევე, არიან თურქეთში, გერმანიაში, იორდანიაში, ერაყში, ეგვიპტეში, დანიასა და ბრაზილიაში მყოფი სირიელი ლტოლვილები. ლიბანის ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკში 850 სირიელის სამშობლოში დაბრუნების ოპერაცია უკვე დაიწყო.
გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიის ტერიტორიაზე ქვეყანაში დაბრუნებული ლტოლვილების მიმღები ცენტრების გახსნის შესახებ განაცხადა. ოფიციალური მოსკოვისა და ალეპოს ერთობლივი პროექტი ლტოლვილების მშობლიურ ადგილებში სამუდამო დაბრუნებას, მგზავრობის ორგანიზებას და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ითვალისწინებს.