რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მამისონის უღელტეხილის და როკის გვირაბის რაიონებში რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დანაყოფმა მამისონის უღელტეხილის და როკის გვირაბის რაიონებში საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად დესანტირება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სწავლების ფარგლებში, მზვერავებმა სიმაღლეები დაიკავეს, რომელიც სამთო მარშრუტების კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. უღელტეხილების გადასასვლელების მახლობლად, რუსმა სამხედროებმა სამხედრო ვერტმფრენების მხარდაჭერით სიმაღლეების დაკავებაში ივარჯიშეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამხედრო მანევრების ფარგლებში ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებულმა სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სატანკო დანაყოფმა მამისონის უღელტეხილის და როკის გვირაბის დანიშნულ რაიონებში მარში განახორციელეს. მთებში განლაგებული იყვნენ სადაზვერვო, საარტილერიო, საინჟინრო, რადიოელექტრონული ბრძოლის, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფები.
საერთო ჯამში, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას იღებს 6 000 სამხედრო მოსამსახურე და 1 500 სამხედრო ტექნიკა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება კრასნოდარის მხარეში განთავსებულ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერ“-ის დანაყოფშიც განხორციელდა.