რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ ღამეს ყირიმის თავზე საჰაერო თავდაცვამ ATACMS-ის ტიპის ათი ტაქტიკური რაკეტა ჩამოაგდო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ ღამეს ყირიმის თავზე საჰაერო თავდაცვამ ATACMS-ის ტიპის ათი ტაქტიკური რაკეტა ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს ყირიმის თავზე საჰაერო თავდაცვამ ATACMS-ის ტიპის ათი ტაქტიკური რაკეტა ჩამოაგდო. მანამდე ყირიმის საოკუპაციო რეჟიმი იტყობინებოდა, რომ სამხედროებმა სევასტოპოლზე უკრაინის სარაკეტო იერიში მოიგერიეს, ასევე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს შავი ზღვის აკვატორიის თავზე და ბელბეკის აეროდრომის რაიონში.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, განადგურებულია რაკეტები, ავიაბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები ბელგოროდის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში.

როსტოვის ოლქის გუბერნატორი კი აცხადებს, რომ სანავთობო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. ვასილი გოლუბევის ინფორმაციით, როსტოვის ოლქში ორი დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნავთობის ბაზაზე ორი აფეთქება მოხდა. როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში განუცხადეს, ეს სამხედრო დაზვერვის გეგმური სამუშაო იყო.