სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ, რუსული ენერგოკომპანიის სარჩელის საფუძველზე, გერმანული „დოიჩე ბანკის“ 238.6 მილიონი ევროს ღირებულების აქტივების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.
საუბარია კონტრაქტზე, რომლის მიხედვით, „დოიჩე ბანკმა“ გაზგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული გარანტიები დასავლეთის სანქციების გამო უკან გაიწვია.
ბანკი ინდუსტრიულ ფირმას, „ლინდესა“ და თურქულ სამშენებლო კომპანიას, „რენესანს ჰევი ინდუსტრის“ შორის მშენებლობის კრედიტორ-გარანტორი იყო, თუმცა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ „დოიჩე ბანკმა“ გარანტიები უკან გაიწვია, რის გამოც „ლინდემ“ „რუსქიმალიანსს“ პროექტის შეწყვეტის შესახებ აცნობა.
„რუსქიმალიანსის“ 50%-ის მფლობელი კი რუსული გიგანტი „გაზპრომია“, რომელმაც გერმანულ ბანკს სასამართლოში უჩივლა.
ყადაღა ვრცელდება როგორც ფასიან ქაღალდებზე, ასევე უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე.
მსგავსი სარჩელის გამო სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ ასეთივე დადგენილება იტალიის „უნიკრედიტ ბანკის“ აქტივებთან დაკავშირებითაც მიიღო, რომელიც რუსეთში სიდიდით მეორე უცხოური ბანკია.