რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში დონეცკის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა
რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში დონეცკის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი დაიკავა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიის ნაწილებმა ქალქ კურახოვოს მიმართულებაზე დასახლებული პუნქტი გირნიკი დაიპყრეს და ასევე წინ წაიწიეს სელიდოვოში, ბოგოიავლენკაში, ნოვოუკრაინკაში, შახტარსკისა და ნოვოალექსეევკის მახლობლად.
პარალელურად, რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტი ცუკურინო დაიკავეს. გირნიკი და ცუკურინო დონეცკის ოლქის ორ ქალაქს, კურახოვოსა და სელიდოვოს შორის მდებარეობს.
უკრაინის არმიის ეროვნული გვარდიის მე-15 ბრიგადა „კარა-დაგი“ იტყობინება, რომ რუსული ძალები, თითქმის ერთი კვირაა, სელიდოვოზე ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სელიდოვოს ცენტრალურ ნაწილს უკვე რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.