რუსეთის სამ ქალაქში აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას განაახლებენ
სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგსა და ვლადივოსტოკში აშშ-ის საკონსულოები არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას 11 დეკემბრიდან განაახლებენ. ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე დროს, ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ვიზის მიღების მსურველებთან ინტერვიუებს შეზღუდულად ჩაატარებს.
„მუშაობას მნიშვნელოვნად შემცირებული პერსონალით ვაგრძელებთ, რაც ნიშნავს ნაკლებ შესაძლებლობებს სავიზო მომსახურეობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საელჩოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ დიპლომატიური მისია განაგრძობს სხვადასხვა ტიპის ვიზების მისაღებად შეზღუდულად ინტერვიუს ჩატარებას.
„გვინდა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა იმოგზაურონ აშშ-ში, გაეცნონ ჩვენს კულტურას, ისწავლონ ჩვენს უნივერსიტეტებში და აწარმოონ ბიზნესი ამერიკული კომპანიებთან“, – ნათქვამია რუსეთში აშშ-ის ელჩის ჯონ ჰანტსმანის განცხადებაში.
რუსეთში აშშ-ის საელჩომ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა 23 აგვისტოს შეაჩერა. 1 სექტემბრიდან კი ამგვარი ტიპის ვიზების მისაღებად გასაუბრება მხოლოდ მოსკოვში იმართებოდა, სხვა საკონსულოებში კი პროცედურა შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვის მოთხოვნით, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა. 28 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სგან დიპლომატების რაოდენობის 455-მდე შემცირება მოითხოვა. რუსეთი საერთო ჯამში, 755-მა ამერიკელმა დიპლომატმა დატოვა.