რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვი აცხადებს, რომ რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.
ალექსანდრ ბიკანტოვმა 2008 წლის ომის 13 წლისთავთან ბრიფინგზე განცხადება დაკავშირებით გააკეთა.
„როგორც გვახსოვს, 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტების მისამართით მასიური ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც დაიწყეს შეტევითი ოპერაცია ტანკებისა და ავიაციის მხარდაჭერით. მიხეილ სააკაშვილის კარგად დაგეგმილი ქმედებების წინასწარ განზრახული ხასიათი აღბეჭდილია კავკასიაში კონფლიქტის მიზეზების გამოსაძიებლად ევროკომისიის ეგიდით შექმნილი საერთაშორისო კომისიის 2009 წლის ანგარიშში“, – განაცხადა ბიტანკოვმა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ „რუსეთმა გადაარჩინა სამხრეთ ოსეთის ხალხის განადგურებისგან ქართული ინტერვენციის შეჩერებით“ და უზრუნველყო „სამხრეთ ოსეთისა და ასევე აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება 2008 წლის 26 აგვისტოს ორივე რესპუბლიკის სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებით“.
მისი თქმით, ამჟამად რუსეთი წარმატებით ავითარებს მოკავშირებრივ ურთიერთობებს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სხვადასხვა სფეროში.
„რუსულ-აფხაზური და რუსულ სამხრეთოსური თანამშრომლობა დიდი ხანია, გახდა სტაბილაზაციის ფაქტორი სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩვენი ქვეყნების კონსტრუქციული მონაწილეობა მიმართულია რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალიების გამყარებისკენ. დიალოგის აღნიშნული ფორმატის ძირითად ამოცანად ვხედავთ ერთის მხრივ საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას. ეს ზომა უნდა გახდეს საიმედო გარანტია საქართველოს სამხედრო ავანტიურების გამეორების თავიდან ასაცილებლად. ამგვარი დოკუმენტის მიღების აქტუალურობა იზრდება დაჩქარებული ევროატლანტკური ინტეგრაციის მიმართულებით ოფიციალური თბილისის კურსის, ასევე მოსკოვის „შეკავებასთან“ დაკავშირებით აშშ-სა და ნატო-ს გეგმებში ამ ქვეყნის ჩართულობის ფონზე.
რუსეთში არასდროს დაუსვამთ ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და საქარველოს ხალხს შორის. ჩვენ მზად ვართ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების აღსადგენად იმდენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს თბილისში და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობლებთან ურთიერთობების შენებას ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით დაიწყებენ.
ეს სრულად ეხება თბილისის საგარეო „კურატორებს“. მათ დიდი ხანია, უკვე უარი უნდა თქვან საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „რეინტეგრაციის“ უპერსპექტივო ხაზზე. იმის ნაცვლად, რომ რეალობას მოწყვეტილი თეზისები ავრცელონ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შედეგად როგორც დასავლური ქვეყნების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, უმჯობესია, მათ თბილისს უბიძგონ სოხუმთან და ცხინვალთან თანაბარუფლებიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგის დამყარებისა და შენარჩუნებისკენ“, – განაცხადა ბიტანკოვმა.