რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ჩინეთთან საგარეო პოლიტიკაში კოორდინაციასა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ
ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ანჰოიში შეხვდა, სადაც ჩინეთი ავღანეთის საკითხზე ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს.
„მინისტრებს ჰქონდათ აზრთა დეტალური გაცვლა უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციათან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია სპეციალური სამხედრო ოეპრაციის პროგრესზე და კიევის რეჟიმთან მოლაპარაკებების პროცესის დინამიკაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხდებაში.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს: „მხარეებმა აღნიშნეს აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ რუსეთისთვის დაწესებული უკანონო ცალმხრივი სანქციების კონტრპროდუქტიული ბუნება“.
უწყების ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლები საგარეო პოლიტიკაში კოორდინაციაზე, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, ჩინური მედიის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა საერთაშორისო არასტაბილურობის გამოცდას გაუძლო და ორივე ქვეყნის მხრიდან არის ურთიერთობების განვითარების გაზრდილი სურვილი.
„უსაზღვროა ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობა, უსაზღვროა მშვიდობის მიღწევის, უსაფრთხოების დაცვისა და ჰეგემონიისთვის წინააღმდეგობის გაწევის ჩვენი ძალისხმევა“, – განაცხადა თავის მხრივ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.