რუსეთის საგარეო უწყება - ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ორიენტირებული იყო რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაზე
რუსეთის საგარეო უწყება - ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ორიენტირებული იყო რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს აკეთებს.

„ყურადღება მივაქციეთ ნიუ იორკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისში ატეხილ ხმაურს. სამწუხაროდ, კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციის“ შესახებ. ამას გარდა, როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი კოლეგები შეშფოთებულები არიან არა იმდენად ამ მოლაპარაკებების შინაარსით და მიმართულებით, რამდენადაც პროტოკოლისა და ფორმატის საკითხებით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ კომენტარში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირდაპირი და გულწრფელი საუბარი საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობის ინტერესებში შედის.

„ჩვენი მხრიდან, დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთისა და საქართველოს ხალხების ინტერესები პირდაპირ და გულწრფელ საუბარს საჭიროებს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ნიუ იოკრში გამართული ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა ორიენტირებული იყო იმ რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაზე, რომელშიც აღმოჩნდა რუსულ-ქართული ურთიერთობები, მათ შორის მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის ცნობილი მოვლენების შედეგად“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მადლობას უხდის შვეიცარიას, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში და რომლის ხელშეწყობითაც გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.