რუსეთის საგარეო უწყება - „ყირიმის დეკლარაციის“ ფასი ჩვენთვის კარგად არის ცნობილი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „ყირიმის დეკლარაციას“ გამოეხმაურა. მარია ზახაროვას თქმით, მანამდე ირანის „ბირთვული შეთანხმება“ და პარიზის კლიმატური ხელშეკრულებაც აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შეცვალა.
„როგორც გვახსოვს, ირანის „ბირთვული შეთანხმების“ ერთობლივი სამოქმედო გეგმაც და პარიზის კლიმატური ხელშეკრულებაც აშშ-ის პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს თავად ბარაკ ობამამ გადაწყვიტა. თუმცა დონალდ ტრამპმა გადაიფიქრა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ასეთი „საბედისწერო დეკლარაციების“ ფასი“, – წერს ზახაროვა Facebook-ის გვერდზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ყირიმის დეკლარაცია“ 25 ივლისს გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარება აშშ-ის პოლიტიკის უცვლელი შემადგენელი ნაწილია. დოკუმენტს ხელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აწერს.