რუსეთის საგარეო უწყება - საქართველოში რუსეთის ვიზებზე არსებული მაღალი მოთხოვნით ადგილობრივი კრიმინალური ელემენტები სარგებლობენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს, ივ როსიეს შეხვდა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრაზე კარასინმა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციასთან დაკავშირებით ბოლო დროს გაუარესებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
უწყების ცნობით, ადგილობრივი კრიმინალური ელემენტები საქართველოს მოქალაქეებში რუსეთის ვიზებზე მაღალი მოთხოვნისგან სარგებელს ნახულობენ.
„თბილისში რუსეთის საზღვარგარეთული დაწესებულების გარშემო არსებული ატმოსფერო მკვეთრად განსხვავდება მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობის გარშემო არსებული მშვიდი და კეთილგანწყობილი ატმოსფეროსგან“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შვეიცარიულმა მხარემ პირობა დადო, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი მოაგვაროს.
გარდა ამისა, გრიგორი კარასინმა და შვეიცარიის ელჩმა საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.