რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ბოლო ტერაქტების კვალი უკრაინამდე მიდის
რუსეთის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ბოლო ტერაქტების კვალი უკრაინამდე მიდის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„ქალაქ კრასნოგორსკში 22 მარტს განხორციელებული სისხლიანი ტერორისტული აქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, არ არის ბოლო დროს მომხდარი პირველი ტერორისტული აქტი ჩვენს ქვეყანაში. რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ყველა ამ დანაშაულის კვალს უკრაინამდე მივყავართ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, განცხადების თანახმად, რუსეთი მოითხოვს, რომ „უკრაინამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა, ჩააბაროს დამნაშავეები და აუნაზღაუროს დაზარალებულებს მიყენებული ზიანი“.
„საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა ყველა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. რუსული მხარე მოითხოვს, რომ კიევის რეჟიმმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტერორისტული ქმედებების ნებისმიერი მხარდაჭერა, ჩააბაროს დამნაშავეები და აუნაზღაუროს დაზარალებულებს მიყენებული ზიანი. უკრაინის ანტიტერორისტული ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს მის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას გადასცა მოთხოვნა „უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, ვასილი მალიუკის დაუყოვნებლივი დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ, ასევე ყველა იმ პირის, ვინც მონაწილეობდნენ ბოლო ტერაქტებში“.