რუსეთის საგარეო უწყება - მტკიცება, რომ პენტაგონის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების საქმიანობა ფოკუსირებულია მხოლოდ ჯანდაცვის საკითხებზე, ტყუილია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რუსეთის საზღვრების სიახლოვეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვს. ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ახსენებს. ამის შესახებ არის საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც უწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეიარაღებაზე კონტროლის, განიარაღებისა და იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას ეხმაურება.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ლუგარის ცენტრში განთავსებულია აშშ-საქართველოს სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევების სამმართველო. სამინისტროს განცხადებით, ამერიკელი კოლეგები აღნიშნული სამხედრო დანაყოფის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დუმილს ამჯობინებენ.
„მტკიცება, რომ პენტაგონის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების საქმიანობა ფოკუსირებულია მხოლოდ ჯანდაცვის საკითხებზე, აშკარა ტყუილია. არ არის საჭირო, აღნიშნულ სფეროში იყო სპეციალისტი, რომ მიხვდე, – საქართველოს ჯანდაცვის სფეროში დახმარება არ საჭიროებს ამერიკელი სამხედროების მონაწილეობას“, – აღნიშნავენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქმიანობა ეწინააღმდეგება აშშ-ისა და საქართველოს ვალდებულებებს, რომლებსაც ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის მეოთხე მუხლი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, კონვენციის მონაწილე ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიაზე აკრძალული საქმიანობა.
„მოვუწოდებთ ვაშინგტონსა და თბილისს, კეთილგონიერება გამოიჩინონ და დაუყოვნებლივ მიმართონ ძალისხმევას, სიტუაციის გამოსასწორებლად. პირველი ნაბიჯი შესაძლოა, ყოფილიყოს ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების ვიზიტის ორგანიზება ყველა ლაბორატორიულ კორპუსში წვდომის გარანტიების უზრუნველყოფით, რაც მისი რეალური შემოწმების უზრუნველყოფის შესაძლებლობას შექმნის. გამოვდივართ იქიდან, რომ ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში სხვა ქვეყნების, ასევე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართვის გარეშე (გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდნენ, ცენტრში აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლები)“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.