რუსეთის საგარეო უწყება - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები სირიიდან და ლიბიიდან ჩაჰყავთ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები სირიიდან და ლიბიიდან ჩაჰყავთ. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მიღებული ცნობებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ხდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრი მებრძოლების ჩაყვანა სირიიდან და ლიბიიდან, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში. ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ამ პროცესების გამო, რაც დაძაბულობის ესკალაციას და რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს აჩენს.
მოვუწოდებთ დაინტერესებულ სახელმწიფოებს, მიიღონ ქმედითი ზომები, რომ კონფლიქტში უცხოელი ტერორისტები და დაქირავებული მებრძოლები არ მონაწილეობდნენ და მათ დაუყოვნებლივ დატოვონ რეგიონი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სირიელი დაქირავებული მებრძოლების გამოყენებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.