რუსეთის საგარეო უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამგზავრებისგან, განსაკუთრებით ისრაელში, ლიბანსა და პალესტინურ ტერიტორიებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამგზავრებისგან, განსაკუთრებით ისრაელში, ლიბანსა და პალესტინურ ტერიტორიებზე. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაში.
მარია ზახაროვას თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება სტაბილურია იორდანიაში, რადგან, რუსული მხარის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან იორდანიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გავრცელების ალბათობა მცირეა.
ამასთან, როგორც კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს.
„ახლა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავშეკავებულობის შენარჩუნება, რომ არ მოხდეს ვითარების სრული დესტაბილიზაცია რეგიონში, რომელიც ისედაც არ გამოირჩევა სტაბილურობითა და პროგნოზირებადობით“, – განაცხადა პესკოვმა.
დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ ირანი საპასუხო ზომების განხორციელებით იმუქრება. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ, ისრაელი ღაზის სექტორის გარდა, სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ემზადება. გუშინ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება საკონსულოზე დარტყმისთვის. ისრაელს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ იერიში დამასკოში მისი ძალების განხორციელებულია, თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ირანის საკონსულოზე დარტყმის უკან ისრაელი დგას.