რუსეთის საგარეო უწყება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის საელჩო მომხდარის არსში გარკვევის გარეშე იცავენ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო მომხდარის არსში გარკვევის გარეშე იცავენ თავიანთ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს. ეს ყველაფერი, სულ მცირე, ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
„საკმაოდ სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათის დარღვევებისა და რუსული მხარის განწყობის მიუხედავად, რომ გადაჭრას ასეთი ტიპის საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და მოქნილად, სამწუხაროდ, თბილისში კიდევ ერთხელ ცდილობენ, მოაწყონ ამისგან პოლიტიკური სპექტაკლი, პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ. ამ ვითარებაში განსაკუთრებულად უადგილოდ მიგვაჩნია, რუსეთის პროვოკაციებში, ამავე დროს მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის „უხეშ დარღვევასა“ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების უპატივცემულობაში დადანაშაულება, პანდემიის პერიოდში ცეცხლის საყოველთაოდ შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები და გამოიყენოს რუსეთთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული დიალოგის ფორმატები.
„საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით, უფრო ენერგიულ განმარტებით სამუშაოებს საკუთარ მოსახლეობასთან, რათა არ დაუშვან საზღვრის უკანონო კვეთის ახალი შემთხვევები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ „გახშირებული სასაზღვრო ინციდენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის, მოლაპარაკებების სწრაფად დაწყების მნიშვნელობას, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ, იურიდიულად სავალდებულო განცხადებასთან დაკავშირებით“.
„ცალკე გვსურს, აღვნიშნოთ სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ს საელჩოს პროვოკაციული კომენტარები, რომლებიც უკვე ამერიკელებისთვის ტრადიციულ მანერად იქცა. მომხდარის არსში გარკვევის გარეშე, იცავენ თავიანთ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს. ეს ყველაფერი სულ მცირე ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიუთითებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გახშირებულ ფაქტებზე. როგორც განცხადებაში წერია, 6 ივნისს აფხაზეთის სოფელ ალაყუმარას სიახლოვეს, რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც უკანონოდ გადაკვეთეს ე.წ. საზღვარი.
მათივე ინფორმაციით,13 ივნისს დაღესტნის, წუნტის რაიონში სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 600 მეტრის სიღრმეში, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 24 წლის საქართველოს მოქალაქე, სანადირო იარაღითა და სამხედრო ფორმით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე 9 ივლისს დაღესტნის ტერიტორიაზე იქნა დაკავებული, ამჯერად სახელმწიფო საზღვრიდან ცხრა კილომეტრის დაშორებით.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტზეც არის საუბარი.
განცხადების თანახმად, 11 ივლისს 33 წლის სამხედრო ფორმაში მყოფი საქართველო მოქალაქე, რომელიც ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე , სასაზღვრო ხაზიდან 300 მეტრის სიღრმეში იმყოფებოდა, სადაც რუს მესაზღვრეებს გადაეყარა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის მიმალვას შეეცადა და 10-მდე გასროლა განახორციელა რუსი სამხედროების მისამართით.
„ყურადღებას ვამახვილებთ, რომ ჩვენების მიცემისას მან აღიარა, რომ გამიზნულად და მიზანმიმართულად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“, – აღნიშნულია განცხადებაში.