რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს და აცნობეს, რომ რუსეთში სამი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია არასასურველ ორგანიზაციებად აღიარეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს და აცნობეს, რომ რუსეთში სამი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია არასასურველ ორგანიზაციებად აღიარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი დაიბარეს.

როგორც რუსეთის საგარეო უწყება იტყობინება, ლინ ტრეისის აცნობეს, რომ რუსეთში სამი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია – „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები“, „კულტურული პერსპექტივები“ და „საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი“ არასასურველ ორგანიზაციებად აღიარეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაციები აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებენ ანტირუსულ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია „გავლენის აგენტების“ რეკრუტირება საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამების საფარქვეშ.

სამინისტროში ლინ ტრეისის ოფიციალურად მოსთხოვეს აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერის შეწყვეტა. რუსული მხარე აღნიშნავს, რომ რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა, მათ შორის ძირგამომთხრელი აქციები, არჩევნებისა და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ხისტად და მტკიცედ იქნება აღკვეთილი, მათ შორის, ამგვარ ქმედებებთან დაკავშირებული აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევების გზით.