რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის წარმომადგენლები უხეშად ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში და აწარმოებენ საქმიანობას, რომელიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს.

ბრიტანეთის ელჩმა დეპარტამენტის შენობა უკვე დატოვა, გასასვლელში მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა. რუსული მედიის ინფორმაციით, დებორა ბრონერი რუსეთის საგარეო უწყებაში ნახევარ საათზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკელი დიპლომატი ლინ ტრეისიც მივიდა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთში უთანხმოების და მტრობის გაღვივებას, ყველაზე გადამწყვეტი გზით იქნება ჩახშობილი და დივერსიულ სამუშაოებში ჩართული დიპლომატები ქვეყნიდან გაძევებულნი იქნებიან.

რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმერ ყარა-მურზას წინააღმდეგ განაჩენის გამოცხადებას 25 ქვეყნის 40 დიპლომატი დაესწრო. სასამართლომ რუს ოპოზიციონერს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ღალატისა და რუსული არმიის დისკრედიტაციის საქმეზე.