რუსეთი ევროპის საბჭოში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობებით რუსეთის გარეშე. ევროკავშირსა და ნატო-ში რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავიანთი აბსოლუტური უმრავლესობის ბოროტად გამოყენებით, განაგრძობენ ევროპის საბჭოსა და ევროპაში საერთო ჰუმანიტარულ-სამართლებრივი სივრცის დანგრევის“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციის საბჭოში საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კლიშასმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთის გასვლა ევროპის საბჭოდან რუსეთის მოქალაქეებზე არანაირად არ აისახება.
შეგახსნებთ, რომ ორი კვირის წინ რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა უკრაინაში ინტერვენციის ფონზე.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ევროპის საბჭოს წევრობა შეწყდება მიმდინარე ფინანსური წლის ბოლოს, თუკი ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ორგანიზაციაში მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში გაიგზავნება.