რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა, ერთი კი გარდაიცვალა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა, ერთი კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები იყო როგორც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე ტერიტორიულ განყოფილებებში.
მინისტრის განცხადებით, თანამშრომლების უმეტესობას დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდათ, თუმცა, ერთ-ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.
ლავროვის თქმით, გარდაცვლილი 62 წლის ასაკის იყო და დაავადება მას სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე მეუღლისგან გადაედო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებაში კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა რეკომენდაციას იცავენ.
კერძოდ, თანამშრომელთა ნახევარზე მეტი დისტანციურად მუშაობს.
ბოლო ინფორმაციით, რუსეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 641 156 ინფიცირებულია გამოვლენილი.