რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შემთხვევაში, ისინი რუსეთის არმიის სამიზნე გახდებიან
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შემთხვევაში ისინი რუსეთის არმიის სამიზნე გახდებიან. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„სახასიათოა, რომ თავად მაკრონი ამ რიტორიკას განმარტავს რუსეთისთვის რაღაც „სტრატეგიული გაურკვევლობის“ შექმნის სურვილით. ჩვენ იძულებული ვართ, იმედები გავუცრუოთ მას – ჩვენთვის ვითარება გამოიყურება ძალიან გარკვეულად. ჩვენ უკვე ასევე დიდი ხანია, გავერკვიეთ. ფრანგები კონფლიქტის ზონაში თუ გამოჩნდებიან, ისინი აუცილებლად გახდებიან სამიზნეები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ვფიქრობ, ამის მტკიცებულებები პარიზს უკვე აქვს“, – განაცხადა ზახაროვამ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე ხედავს უკრაინაში მოკლულებს შორის საფრანგეთის მოქალაქეების მზარდ რაოდენობას.
შეგახსენებთ, თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნა არ გამორიცხა.