მარია ზახაროვა - საქართველოს ხელისუფლება ანტირუსული კარტის გათამაშების მცდელობებზე უარს არ ამბობს
მარია ზახაროვა - საქართველოს ხელისუფლება ანტირუსული კარტის გათამაშების მცდელობებზე უარს არ ამბობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების ჩაშლაზე საქართველოს განცხადებას პოლიტიზებულს უწოდებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტირუსული კარტის გათამაშების მცდელობებზე უარს არ ამბობს და ცხადია, რომ ეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროექცია ხდება.

მარია ზახაროვას განცხადებით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვაზე თავი შეიკავა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა პანდემიით გამოწვეული სერიოზული შეზღუდვებისა და ლოგისტიკური პრობლემების გათვალისწინებით.

ზახაროვა ასევე ამბობს, რომ ალტერნატივის სახით, მოსკოვი გადადებული რაუნდის ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რაც შეუსაბამოა თანათავმჯდომარეებისთვის.

„რუსულ მხარეს არასდროს უთქვამს უარი საქართველოსთან დიალოგზე, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში. „კოვიდ 19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს. მიმდინარე წლის აპრილიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუდენკომ ჩაატარა ხუთი ვიდეოკონფერენცია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთო-დან. ბოლო შეხვედრა 28 სექტემბერს შედგა“, – აცხადებს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთმა აქტიურად შეუწყო ხელი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ შეხვედრების განახლებას ერგნეთში და აგრძელებს მუშაობს მსგავსი შეხვედრების გალში განსაახლებლად.

„როგორც არ უნდა იყოს, რუსული მხარე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დიალოგის გაგრძელების ერთგულია. ჩვენ ველოდებით თანათავმჯდომარეების მოსკოვში ვიზიტს 6 ნოემბერს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუბრუნდეს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა.