რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე დაძაბულობის შესამცირებლად საქართველო მზადყოფნას არ გამოთქვამს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე დაძაბულობის შესამცირებლად საქართველო მზადყოფნას არ გამოთქვამს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე დაძაბულობის შესამცირებლად ერთობლივი მუშაობისთვის საქართველო მზადყოფნას არ გამოთქვამს“.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ცნება „ადამიანების გატაცება“ არასწორია.

„შეგახსენებთ კარგად ცნობილ ფაქტებს: მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დანაშაულებრივმა ავანტურამ 2008 წლის აგვისტოში შედეგად გამოიღო ის, რომ რეგიონში გაჩნდა ახალი სახელმწიფო საზღვრები. აშკარაა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხაზების სამართლებრივ სტატუსს მხარეები განსხვავებულად განმარტავენ. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხაზი, რაც არ უნდა ერქვას მას, იყოს თვალსაჩინო. სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილი ადამიანები არაფერში არიან დამნაშავეები და აქვთ უფლება, მოითხოვონ, რომ ყოფითი საქმიანობის ახალი პირობები იყოს გასაგები და პროგნოზირებადი. ცხოვრება ხომ გრძელდება: ადგილობრივები, როგორც ადრე, ეწევიან მიწათმოქმედებას, საძოვრებზე დაჰყავთ საქონელი, ურთიერთობენ ნათესავებთან. პერიოდულად, ხშირად შემთხვევით, უცოდინრობის გამო, კვეთენ ახალი სახელმწიფო საზღვრების ხაზებს. შედეგად, მათ აკავებენ, შესაბამის ადმინისტრაციულ ჯარიმას უწესებენ და ათავისუფლებენ. თბილისში კი, ყველანაირი ლოგიკის საწინააღმდეგოს, ამ მოვლენებს „გატაცებებს“ უწოდებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ “საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირება  ახალი საზღვრის კვეთის წესების შესახებ”.

„სამწუხაროდ, ქართველი პარტნიორები კვლავ არ არიან მზად, მონაწილეობა მიიღონ ამ ერთობლივ სამუშაოში, რომელიც საზღვრის მიმდებარედ დაძაბულობას რეალურად შეამცირებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებაში.