რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 11-12 დეკემბრის ჟენევის დისკუსიებზე განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 11-12 დეკემბერს გამართულ ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, საქართველოს გარდა, დისკუსიების ყველა მონაწილემ ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. საზღვრებზე შექმნილი ზოგადი სიტუაცია სტაბილურად აღიარა.
„გადაკვეთების სტატისტიკა მეტყველებს თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობაზე, შემთხვევების რიცხვი არ აღემატება საშუალო მაჩვენებელს. „ცხელი ხაზი“ 2018 წელს ორი ათასზე მეტჯერ ამოქმედდა, რამაც სასაზღვრო რაიონებში საშიში ინციდენტების აღკვეთის საშუალება მოგვცა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთ სამინისტროს განცხადებაში.
როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა დადებითი შეფასება მოჰყვა ოსური მხარის გადაწყვეტილებას, განაახლოს მონაწილეობა ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სხდომებში.
„ამასთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს შეხვედრების დაბალანსებული და დეპოლიტიზებული დღის წესრიგის ჩამოყალიბების ხელშეწყობისკენ მოუწოდა“, რაზეც სამინისტროს ცნობით, დიდად არის დამოკიდებული გალის შეხვედრების მომავალიც.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალის გამოუყენებლობისა და შესაბამისი განცხადების მიღების შესაძლებლობის თემის განხილვა მწვავე აღმოჩნდა. ამ საკითხზე მონაწილეების პოზიციები პრინციპულად განსხვავდება.
„რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთოსურმა დელეგაციებმა კვლავ ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას ქართულ ტერიტორიაზე აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო აქტივობა წარმოადგენს, მათ შორის ვაშინგტონისა და თბილისის გეგმები, ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მოდერნიზება განახორციელონ და 2019 წელს ჩაატარონ მორიგი ფართომასშტაბიანი, მრავალეროვნული სწავლება. ქართული მხარის მიმართ გაისმა მოწოდება, შეწყვიტოს სხვისი ინტერესების გამტარებლად ყოფნა და ამის ნაცვლად, ეცადოს მეზობლებთან ურთიერთობების დალაგებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი „პროვოკაციულად განიხილავს ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს ნატო-ში საქართველოს წევრობის მხარდაჭერის შესახებ“.
„სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო დაპირებებმა უბიძგა თბილისს 2008 წლის აგვისტოში დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურისკენ“, – მიიჩნევენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში კვლავ განიხილებოდა ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობის საკითხი.
„ლაბორატორიაში ვიზიტის შესახებ ანონიმური საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული ზედაპირული დასკვნა არ ხსნის ჩვენს შეშფოთებას ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავენ სერგეი ლავროვის უწყებაში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჰუმანიტარული ჯგუფის მუშაობა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აფხაზური და სამხრეთოსური დელეგაციების პოზიციის მიუხედავად, გადაწყდა, იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემის მოსაგვარებლად თანათავმჯდომარეების მიერ შემუშავებული შესაძლო მიდგომების განხილვა.
სოხუმი და ცხინვალი ჟენევაში აღნიშნული თემის განხილვაზე პრინციპულ უარს აცხადებენ, რადგან საქართველომ ეს საკითხი გაერო-ს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში რეგულარულად შეიტანა, ხოლო ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში დაშვება არ აქვთ.
რუსული მხარის ცნობით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2019 წლის აპრილში გაიმართება.