რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა ბრიანსკის ოლქში კლიმოვოს დასახლება დაბომბეს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქის კლიმოვოს დასახლება უკრაინულმა ვერტმფრენებმა დაბომბეს.
როგორც მედია წერს, უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები ორი საბრძოლო ვერტმფრენის გამოყენებით შეიჭრნენ რუსეთის საჰაერო სივრცეში და დაბალ სიმაღლეზე ფრენისას მიზანმიმართულად საცხოვრებელ სახლებზე სულ მცირე ექვსი ავიადარტყმა განახორციელეს.
რუსული მხარის მონაცემებით, საჰაერო იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა, დაშავებულია შვიდი ადამიანი.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. დასახლება კლიმოვო რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს.