რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აქცია მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლებს.
ამასთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა შაბათს ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც რუსმა ოკუპანტებმა შვიდი თვის წინ ზაზა გახელაძე გაიტაცეს.
„ჩემი და ყველა აქ მყოფის, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის მთავარი მოთხოვნა არის თავისუფლება ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს საქართველოში, ოკუპანტების მიერ. სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოებამ ერთობლივად შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად. რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება საზოგადოების მხრიდან, მეტი რეაქცია იქნება მსოფლიო საზოგადოების მხრიდანაც და უფრო მეტი დისკომფორტი შეექმნება რუსეთის მთავრობას, თავისი ძალადობრივი საქმიანობის გამო“, – განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმმა, რომელიც 2019 წლის 9 ნოემბრიდან, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა და 2019 წლის 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.
გაფრინდაშვილი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხის დაყენება ალბათ შედეგიანი იქნება.
„ჩემი აზრით, ეს საკითხი არა მხოლოდ კარასინთან, არამედ ეს იქნება ყველა საერთაშორისო შეხვედრა, თუ შეკრება, ყველგან უნდა დაისვას ნომერ პირველ საკითხად“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებით, რუსეთი არ გრძნობს დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იმ დანაშაულებებისთვის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე სჩადის. მისი თქმით, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც უნდა მოაგვაროს ქართულმა საზოგადოებამ.
„ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი, რომელმაც ჩაიდინა ეთნიკური წმენდა, სხვა დანაშაულებები და აგრძელებს როგორც ადამიანების მკვლელობას, ისე გატაცებას. ზაზა გახელაძე და სხვებიც, რომლებიც ამ წუთებშიც იმყოფებიან მათ ტყვეობაში, არიან მსხვერპლი ამ ოკუპაციის. რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია 90 წლებიდან მოყოლებული, შემდეგ გაგრძელებულია აგრესიის ახალი ტალღით, 2008 წლიდან დღემდე, რამდენი ადამიანიც ჰყავთ გამოძევებული საკუთარი სახლებიდან, რამდენი ადამიანიც ჰყავთ მოკლული, ნაწამები და რამდენი ადამიანის უფლებაც არის დარღვეული. ამ ყველაფერს ბუნებრივია, ერთბაშად არ ეშველება, მაგრამ ჩვენი პრეტენზია რუსეთის ფედერაციის შემდეგ არის მიმართული საქართველოს ე.წ. ხელისუფლებისადმი, რომელიც წარმოადგენს რეალურად რუსეთის ფედერაციასთან დანაშაულებრივ, მოღალატეობრივ კოლაბორაციაში მყოფ რეჟიმს, რომელმაც თავიდანვე, ბიძინა ივანიშვილის პროგრამაში დაისახა ამოცანად, რომ საქართველო ამოვარდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგის დროს დღის წესრიგიდან, როგორც პრობლემური საკითხი. ეს მიზეზი არის ის, რომ დღემდე რუსეთის ფედერაცია არ გრძნობს არც დიპლომატიურ, არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ ფასს იმ დანაშაულებებისთვის, რომელსაც სჩადის საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც უნდა მოაგვაროს ქართულმა საზოგადოებამ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.