რუსეთის ქალაქ ომსკში ორმა მოსწავლემ ავიაბაზაზე შეაღწია და ვერტმფრენი დაწვა, რუსული მედიის ცნობით, მოსწავლეები ამბობენ, რომ ვერტმფრენის დაწვა მათ „უკრაინელმა კურატორებმა“ დაავალეს
რუსეთის ქალაქ ომსკში 16 წლის ორმა მოსწავლემ სამხედრო ავიაბაზაზე შეაღწია და „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი დაწვა. ამის შესახებ რუსული ტელეგრამარხები ავრცელებენ ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, მოზარდებმა ვერტმფრენს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს და გაიქცნენ. ისინი პოლიციამ მალევე დააკავა.
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ვერტმფრენის კაბინა და მთელი წინა ნაწილი სრულიად დამწვარია. როგორც ირკვევა, ვერტმფრენი უკვე ჩამოწერილი იყო.
რუსული მედიის ცნობით, მოსწავლეები ამბობენ, რომ ვერტმფრენის დაწვა მათ „უკრაინელმა კურატორებმა“ დაავალეს, რომლებთანაც ინტერნეტით კონტაქტობდნენ. გავრცელებული ცნობით, ისინი მოზარდებს, დივერსიის მოწყობის სანაცვლოდ, 20 ათასი დოლარის გადახდას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც ბავშვებმა ვერტმფრენი დაწვეს, „კურატორებმა“კავშირი გაწყვიტეს და მიმოწერა წაშალეს.
მსგავსი შემთხვევა მოხდა 11 სექტემბერს იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის ქალაქ ნოიაბრსკშიც. ორმა მოზარდმა აეროპორტის ტერიტორიაზე შეაღწია და ვერტმფრენი დაწვა.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში სამხედრო კომისარიატების, პოლიციის განყოფილებების, ადმინისტრაციული შენობებისა და პარტია „ედინაიან რასიას“ მისაღებების დაწვა დაიწყეს. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ასეთი თავდასხმების რიცხვი გაიზარდა. რიგ შემთხვევებში დაკავებულები ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ქმედებების განხორციელებას მათ ინტერნეტით ავალებდნენ.