რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ინდური კომპანიის მიერ წარმოებული საბრძოლო მასალა უკრაინაში შედის
ინდოელი მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები ევროპელმა მომხმარებლებმა უკრაინისკენ გადაამისამართეს. რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ინდოეთის ხელისუფლება აღნიშნული ვაჭრობის შესაჩერებლად არ ჩაერია.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ინდოელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე, თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. საბრძოლო მასალების გადაცემა უკრაინის მხარდასაჭერად, ერთ წელზე მეტია, მიმდინარეობს.
სააგენტო „როიტერს“ სამმა ინდოელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ კრემლმა ეს საკითხი, სულ მცირე, ორჯერ დააყენა ინდურ მხარესთან, მათ შორის ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ინდოელ კოლეგასთან შეხვედრისას. იანვარში ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ინდოეთს არ გაუგზავნია და არ მიუყიდია საარტილერიო ჭურვები უკრაინისთვის.
„როიტრის“ ცნობით, ინდური წარმოების შეიარაღების წილი კიევის მიერ ომის დაწყების შემდგომ იმპორტირებული იარაღის საერთო მოცულობაში ძალიან მცირეა და ერთ პროცენტამდე შეადგენს. ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას ინდურ საბრძოლო მასალებს უგზავნიან, არიან იტალია და ჩეხეთი. ამასთან, უცნობია, ევროპულმა ქვეყნებმა ეს ჭურვები კიევს აჩუქეს თუ მიჰყიდეს.