რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - ტრამპმა პუტინს თეთრ სახლში შეხვედრა შესთავაზა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თეთრ სახლში შეხვედრა შესთავაზა.
როგორც უშაკოვი ამბობს, ეს შეთავაზება რუსეთის ლიდერმა 20 მარტს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას მიიღო.
„შეხვედრის კონკრეტულ დროზე ლიდერებს არ უმსჯელიათ. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, იმედი გვაქვს, რომ ამერიკელები ამ სამიტის გამართვაზე უარს არ იტყვიან“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეხვედრის დაგეგმვა არ მიმდინარეობს, თუმცა იმედი აქვს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანში მოსკოვი და ვაშინგტონი გაძევებული დიპლომატების ადგილს კვლავ შეავსებენ.
„ეს გაძევება არის დარტყმა აშშ-საც, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი პასუხი. თუ მათ უბრალოდ სურდათ საკუთარი დიპლომატების რიცხვის შემცირება რუსეთში, ამის გაკეთება ჩვენი დიპლომატების გაძევების გარეშეც შეეძლოთ“, – ამბობს უშაკოვი.