რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შევეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩაფრინდა, სადაც იგი ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრას გამართავს.
მოსალოდნელია, რომ მათი შეხვედრა თბილისის დროით 15:35 სთ-ზე დაიწყება.
რუსული დელეგაციის შემადგენლობაში პუტინს ახლავს პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვი, თავდაცვის სამინისტროს გენ-შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. შეხვედრაზე ასევე მიწვეულები არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკი და სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი.