რუსეთის პრეზიდენტი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო ორი ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალში. მასთან ერთად ყირიმში იმყოფებიან რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაკი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი.

როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, „18 მარტი ყირიმისა და მთლიანად რუსეთის ისტორიაში ღირსშესანიშნავი თარიღია“.

შეგახსენებთ, ზუსტად ხუთი წლის წინ, 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ორივე ელექტროსადგური, რომელიც პუტინმა დღეს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე გახსნა, გერმანული კომპანია „სიმენსის“ ტურბინებით არის აღჭურვილი. „სიმენსმა“ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთის ხელისუფლება ევროკავშირის სანქციების დარღვევაში და მათი ტექნიკის ნახევარკუნძულზე უკანონო ჩატანაში.