რუსეთის მთავარი რაბინი ბერლ ლაზარი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ განცხადებისთვის, რომელშიც თქვა, თითქოს ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა.
„ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება, რუსეთის დიპლომატიის მეთაურს რჩევა მივცე, თუმცა არ იქნებოდა ცუდი, თუ ის ებრაელებს ბოდიშს მოუხდიდა და შეცდომას აღიარებდა“, – განაცხადა ლაზარმა.
რუსეთი უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ნაციზმში ადანაშაულებს. იტალიურ გამოცემასთან საუბრისას სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული წარმომავლობა და ყველაზე მწვავე ანტისემიტები ებრაელები არიან.