რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავდა 34 ადამიანი, ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ კიდევ არის ხალხი.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში.
ამასთან, მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.
„დღეს დილით რუსებმა დაბომბეს კრივოი როგი და ხერსონი. დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსებს, უნივერსიტეტის შენობას, გზებს. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს ხალხი. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც რუსული ტერორის გამო დაკარგა საყვარელი ადამიანები“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
მედიის ცნობით, კრივოი როგში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 230 მაშველია ჩართული, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.