რუსეთის მიერ ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.
მათივე ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულია 16 ადამიანი. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან ხარკოვზე შეტევები იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ უკრაინას არ გააჩნია ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები და ვერ ანადგურებს რუსეთის ტექნიკას, რომლებიც უკრაინის საზღვრის სიახლოვეს არის დისლოცირებული. მისივე ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვის მიმართულებით 15 რაკეტა გაისროლა.
„ტერორი ყველგან უნდა მარცხდებოდეს, ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერ კონტინენტზე. ეს ჩვენი საერთო ვალდებულებაა, მთელი მსოფლიოსი, ვისაც აქვს შესაძლებლობა დაიცვას სიცოცხლე ტერორისგან. უკრაინა აკეთებს იმას, რაც შეუძლია. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. მაგრამ საჭიროა მეტი შემართება. კერძოდ, მსოფლიო ლიდერების მხრიდან“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.