რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა თერთმეტი და დაშავდა რვა ადამიანი
რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა თერთმეტი და დაშავდა რვა ადამიანი

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონი დაბომბეს. დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. ასევე დაშავებულია რვა პირი.

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რუსეთის ძალებმა რაიონზე „ეს-300“-ის ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში.

პოკროვსკიზე განხორციელებულ დარტყმას თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„რუსების დარტყმა განხორციელდა ჩვეულებრივ საცხოვრებელ ნაგებობაზე, კერძო სახლებზე. ყველა დაშავებული იღებს აუცილებელ დახმარებას. რუსეთი უნდა გრძნობდეს ყოველთვის, რომ არცერთი ასეთი დარტყმა არ ჩაივლის ტერორისტი სახელმწიფოსთვის შედეგების გარეშე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეს ჩვენი ძალით, საკუთარი თავდაცვითი და პოლიტიკური შესაძლებლობებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მხრიდან ტერორის ყოველ გამოვლინებასა და უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერების ყოველ მცდელობაზე იქნება უკრაინის ადეკვატური პასუხი.