რუსეთის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის ოლქში 11 ადამიანი დაშავდა
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქის დასახლებებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. გლადკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ბავშვების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მისივე ინფორმაციით, დაზიანდა 14 მრავალსართულიან სახლში მდებარე 22 ბინა, სადაც ფანჯრები ჩაიმსხვრა. გარდა ამისა, ნამსხვრევებით დაზიანდა 21 ავტომობილი. ასევე დაზიანდა რვა კერძო სახლი.
რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის ოლქს ესაზღვრება. დღეს რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ქალაქ ხარკოვზე. სულ განხორციელდა დაახლოებით ათი დარტყმა. დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.