რუსეთის ხელისუფლებამ ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვები ანექსირებულ ყირიმში დაპატიჟა
რუსეთის ხელისუფლებამ ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვები ანექსირებულ ყირიმში დაპატიჟა

რუსეთის ხელისუფლებამ ტაილანდელი ბავშვები, რომლებმაც დატბორილ მღვიმეში ორ კვირაზე მეტი გაატარეს, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე „არტეკის“ საბავშვო ბანაკში დაპატიჟა.

ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რეაბილიტაციაში დასახმარებლად და საშიშ პირობებში გამოვლენილი ნებისყოფისა და სიმტკიცისათვის, „არტეკის“ დირექტორმა, ალექსეი კასპრჟაკმა ბავშვები ბანაკში დაპატიჟა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისივე თქმით, „არტეკის“ ატმოსფერო ბავშვებს გადატანილი სირთულეების დავიწყებაში დაეხმარება.

ტაილანდის ახალგზრდული საფეხბურთო გუნდის 12 წევრი და მათი მწვრთნელი 23 ივნისს ტჰამ ლუანგის დატბორილ მღვიმეში ჩარჩნენ. ისინი ათი დღის შემდეგ იპოვეს. სამაშველო ოპერაციის დროს ერთი მყვინთავი დაიღუპა.

ბავშვების გამოყვანას სამი დღე დასჭირდა.